ქოქოსის რძე არის მცენარეული რძის ერთ-ერთი უგემრიელესი სახეობა. ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენთვის ეს უფრო ეკზოტიკური პროდუქტია და ძნელად იშოვება. სად იყიდება ქოქოსის რძე? თბილისში მინახავს „ჯორჯოტას“ მაღაზიებში და უფრო იშვიათად გუდვილში (400 მლ – 11 ლარი) ან კარფურში. ასევე ინტერნეტ-მაღაზიაში, სადაც ის 10 ლარი ღირს.  მაგრამ არ გირჩევთ ყიდვას რადგან ძვირია და ცუდი ხარისხის. სავსეა კონსერვანტებით და ცუდი ინგრედიენტებით. ამიტომ ჩვენ თვითონ დავამზადებთ ქოქოსის რძეს და ასევე ბონუსად მივიღებთ ქოქოსის ზეთს, ქოქოსის ფანტელს და ფქვილს.

ქოქოსი და ქოქოსის რძე

რა დაგვჭირდება ქოქოსის რძის მოსამზადებლად?

  • 1 ქოქოსი (დაახლოებით 2 ლარი)
  • წყალი – 400 მლ.

როგორ გავაკეთოთ რძე?

  • გატეხეთ ქოქოსი (ინსტრუქცია და ვიდეო ამ სტატიის ბოლოს). შეგიძლიათ ქოქოსის კაკლის გათლა დანით, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
  • დაჭერით ქოქოსი და მოათავსეთ ბლენდერში.
  • დაასხით წყალი და კარგად ათქვიფეთ. რაც უფრო მძლავრი ბრენდერი გაქვთ მით უფრო კონცენტრირებული რძე გამოვა.
  • გაწურეთ რძე, ამისთვის გამოიყენეთ მარლა ან საცერი. მზადაა!

ქოქოსის რძე ინახება 4-5 დღე მაცივარში.

ქოქოსის რძე

როგორ გავაკეთოთ ფანტელი?

რძისგან დარჩენილი ფანტელი თხელი ფენით გადაანაწილეთ ტაფაზე და გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ოთახში ცივა, მაშინ შედგით ღუმელში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე და კარი დატოვეთ ღია. გაშრობას რამოდენიმე საათი დასჭირდება.

როგორ გავაკეთოთ ქოქოსის ფქვილი?

გამშრალი ფანტელი მოათავსეთ ყაფის საფქვავში ან ბლენდერში და დაფქვით. ფქვილი გამოდის ძალიან ცხიმიანი, ამიტომ გიდევ ერთხელ გააშრეთ 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერეტურაზე. ზაფხულში შეინახეთ მაცივარში.

ქოქოსის ფანტელი

როგორ გავაკეთოთ ქოქოსის ზეთი ან ნაღები?

ქოქოსის რძე შედგით მაცივარში. რამოდენიმე საათში დაინახავთ რომ ნაღები ამოტივტივდება და გამარგდება (ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მძლავრი ბლენდერი გაქვთ). გააკეთეთ პატარა ხვრელი და გადაასხით დარჩენილი წყალი. ქოქოსის ზეთი სახლის პირობებში მზადაა!

რაში გამოვიყენოთ ქოქოსის რძე?

უბრალოდ დალიეთ! დაუმატეთ თაფლი, ფინიკები ან სხვა დამატკბობელი. განსაკუთრებით გემრიელია პირველ დღეს. ასევე გაოიყენეთ დესერტების, კრემ-სუპების და სხვა კერძების მოსამზადებლად. მაგალითად გამოიყენეთ გოგრის კრემ-სუპში.

აი ასე მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ 4 პროდუქტი 1 ქოქოსისგან. ქოქოსის სარგებლობაზე წაიკითხეთ აქ.

გააზიარეთ ეს სტატია და გამიზიარეთ თქვენი აზრები. მადლობა, რომ ეწვით ჩემს ბლოგს! წარმატებულ კულინარულ ექსპერიმენტებს გისურვებთ.