მოგესალმებით მეგობრებო! ამ დღეებში აღმოვაჩინე რომ სახლში ძალიან ბევრი სტაფილო მაქვს და გადავწყვიტე ორცხობილების გამოცხობა. შევაგროვე ინგრედიენტები და მომზადება დავიწყე. სტაფილოს ორცხობილა გამოვიდა უგემრიელესი! ერთ საათში არც ერთი ცალი არ დარჩა, ოჯახის წევრებს შემოეჭამათ 😋

რეცეპტი არის ვეგანური (სამარხვო). როდესაც მოამზადებთ გირჩევთ მიირთვათ სანამ ბოლომდე არ გაცივდა, რადგან ამ შემთხვევაში გარედან ხრაშუნაა და შიგნით რბილი. ეს პეჩენია არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც. შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, ძალიან ნოყიერი გამოდის.

ინგრედიენტები

🔸 გახეხილი სტაფილო – 150 გ

🔸 გარჩეული მზესუმზირა – 100 გ

🔸 შვრია – 200 გ

🔸 ფინიკი – 10 ცალი

🔸 წყალი ან მცენარეული რძე – 50-70 მლ

🔸 მრავალძარღვას ჩენჩო ან დაფქული სელის თესლი – 1 სუფრის კოვზი (კვერცხის შემცვლელი)

🔸 კარდამონი – ¼ ჩაის კოვზი

🔸 ქოქოსის ზეთი – 4 ჩაის კოვზი.

მომზადება

  • მზესუმზირა ჩაალბეთ წყალში 4 საათით, კარგად გამორეცხეთ და დააბლენდერეთ.
  • დააბლენდერეთ ფინიკი წყალთან ან მცენარეულ რძესთან ერთად და დაამატეთ მრავალძარღვას ჩენჩო ან დაფქული სელის თესლი.
  • შეურიეთ გახეხილი სტაფილო, მზესუმზირა, ფინიკის პიურე და შვრია ერთმანეთს. დაამატეთ ქოქოსის ზეთი და კარდამონი.
  • დააკვირდით კონსისტენციას, თუ საჭირო იქნება კიდევ ცოტა სითხე დაუმატეთ.
  • ხელით მიეცით ფორმა ორცხობილებს და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.

ორცხობილა მზადაა! გემრიელად მიირთვით. 🍴