ლენა ჰედიმ მონაწილეობა მიიღო PETA-ს ვიდეორგოლში, სადაც მოყვა თუ როგორ სცემენ, აჯაჭვებენ, სასტიკად ექცევიან ცხოველებს ცირკში.

მსახიობი ყვება იმაზე, თუ რა ხდება კულისებს მიღმა. “ცირკში მომთვინიერებლები იყენებენ ელექტროშოკერს და ბასრი ჯოხებით ურტყამენ სპილოებს, დათვებს, ვეფხვებს და სხვა ცხოველებს, რომ მათ ილეთები შეასრულონ“, – ამბობს ჰედი.

ჰედი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცირკის ცხოველები მოკლებული არიან იმ ყველაფერს, რაც  ბუნებრივი და მნიშვნელოვანია მათთვის. თავის მშობლიურ მიწაზე, იგივე ცხოველები, რომელსაც ხედავთ ჯაჭვებში, ველოსიპედებზე, კოსტიუმებში, თავისუფლად დადიან და დარბიან, ჭამენ და სვამენ როდესაც მოესურვებათ, ირჩევენ პარტნიორებს და ოჯახებს ქმნიან.

ცირკში კი ცხოველები ცხოვრობენ ძალიან პატარა გალიებში, სადაც ისინი ვერც მოძრაობენ.

ჰედი ამბობს, რომ ამ ვიდეორგოლში გადაღება გადაწყვიტა იმის შემდეგ, რაც ნახა ფრანგული დოკუმენტალური ფილმი ცირკზე. მან დაინახა თუ როგორ გათავისუფლდნენ ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდა ლომები აქტივისტების გამართული კამპანიის მეშვეობით. აქტივისტებმა ეს შეძლეს და ცხოველები აფრიკაში დააბრუნეს. „ეს მართლა მშვენიერი იყო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სხვა ადგილებში ეს სისასტიკე ჯერ კიდევ გრძელდება“.

დროა საქართველოშიც დავნერგოთ პროგრესული და ეთიკური მიდგომები. ამიტომ,  თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურს ცივილიზებულ საზოგადოებაში ცხოვრება გელოდებით 4 მაისს, 17:00 საათზე ცირკის შენობასთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.