„ცოცხალი“ სელის ფაფა – ჩემი ყველაზე საყვარელი საუზმეა. რატომ „ცოცხალი“? იმიტომ რომ მას მოხარშვა არ სჭირდება. მსუბუქი, უგემრიელესი, ვიტამინებით და მინერალებით სავსე. სელის თესლის სარგებლობა დაუფასებელია. მინდა გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი. თქვენ კი შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ სხვა ინგრედიენტები და ყოველდღე გაიკეთოთ ძალიან გემრიელი საუზმე.

სელის ფაფა

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • სელის თესლი – 2 სუფრის კოვზი
  • მწიფე ტკბილი (კოპლებიანი) ბანანი – 2 ცალი
  • წყალი ან მცენარეული რძე – 250-300 მლ.

ამაზე შეგვიძლია გავჩერდეთ, უკვე ძალიან გემრიელი ფაფა გამოვა. მაგრამ მე დავუმატებ 3 ფინიკს, ალუბალს, სეზამს და ყაყაჩოს თესლს.

ამ ინგრედიენტებისგან გამოდის 2 ულუფა.

როგორ მოვამზადოთ სელის ფაფა?

  • ჩაალბეთ სელი 6-8 საათით (გააკეთეთ ძილის წინ, რომ დილით მოამზადოთ ფაფა)
  • დილით სელი გახდება როგორც ჟელე. მოათავსეთ წყალთან ან მცენარეულ რძესთან ერთად ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ
  • დაუმატეთ ბანანი და სხვა ინგრედიენტები, ათქვიფეთ

სელის ფაფა მზადაა! გადაიღეთ თეფშზე და მორთეთ ხილით.

რჩევები:

  • თუ ბანანი არ არის ძალიან მწიფე აუცილებლად დაამატეთ ფინიკი.
  • გამოიყენეთ მცენარეული რძე. ასე ფაფა გამოვა უფრო გემრიელი და სასარგებლო.

აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ!