ნუშის-რძე

ნუშის რძე არის უგემრიელესი სასმელი, რომელიც შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში. ეს არის მშვენიერი ალტერნატივა მათთვის ვინც ვერ ინელებს ძროხის რძეს. მაღაზიაში 1 ლიტრი – 10 ლარზე მეტი ღირს, თქვენ კი შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ 1 ლიტრზე მეტი სულ რაღაც 4 ლარად. (გააჩნია ნუშის ფასს)

რაში გამოიყება ნუშის რძე?

ნუშის რძე ბევრ რეცეპტში გამოიყენება.

  • უბრალოდ დალიეთ – ის ძალიან გემრიელია!
  • დაამატეთ ნებისმიერ სმუზიში, ყავაში
  • გამოიყენეთ სამარხვო ნამცხვრებში
  • გამოიყენეთ კერძებში როგორც ძროხის რძის შემცვლელი

რძის თვისებები სასარგებლოა ყველა ადამიანისთვის. ის შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი და ბევრი სხვა. მასში შედის ვიტამინები E, B1, B2, B3, ფოლატი. იდეალური დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც სასარგებლოა მათთვის ვინც დიეტაზეა. ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე. ხელს უწყობს ჯანმრთელი თმის, ფრჩხილების ზრდას და ატენიანებს კანს.

ინგრედიენტები

ნუში – 150 გრ

წყალი – 1,5 ლ

ნატურალური დამატკბობელი (თაფლი, ფინიკი, ქოქოსის შაქარი, ნებისმიერი სასარგებლო შაქრის შემცვლელი).

რჩევა: დამატკბობელის გამოყენება აუცილებელია, რადგან ის უფრო გემრიელს ხდის ნუშის რძეს.

დამზადება

  1. ჩაალბეთ ნუში წყალში 8-10 ან მეტი საათით
  2. გადაასხით წყალი და კარგათ გამოავლეთ ნუში.
  3. დაამატეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე 1-2 წუთით.
  4. გაწურეთ რძე ბოლო წვეთებამდე. ამისთვის გამოიყენეთ მარლა ან საცერი.

უგემრიელესი და სასარგებლო ნუშის რძე სახლის პირობებში მზადაა! ინახება მაცივარში 2-3 დღე.

ნატურალური ნუშის რძე