გრანოლა – ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო საუზმეა. სცადეთ და მოამზადეთ გრანოლა სახლში შაქრის, ტრანსცხიმების, კონსერვანტების და სხვა მავნე ინგრედიენტების გარეშე.

აირჩიეთ სამი ვარიანტისგან:

  • ყველაზე მარტივი 2 ინგრედიენტისგან
  • გლუტენის გარეშე
  • ყველაზე ხრაშუნა

მარტივი

ყველაზე მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი გრანოლა ან rawnola. თქვენ დაგჭირდებათ შვრია (1 ჭიქა) და ფინიკი (1 ჭიქა). შეურიეთ ერთმანეთს და კარგად დააბლენდერეთ. ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ შეცვალოთ – თუ გინდათ უფრო ფხვიერი – დაამატეთ მეტი შვრია, უფრო ტენიანი – მეტი ფინიკი. ასეთი გრანოლა კარგად ინახება დახურულ კონტეინერში.

როგორ მივირთვათ? აიღეთ გრანოლა, დაუმატეთ მცენარეული რძე, იოგურტი. ყველაზე სწრაფი ვარიანტი მზადაა. შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი და თესლები, შოკოლადი, ჩირი, კაკაო, კერობი და ა. შ.

უგლუტენო

ამ ვარიანტისთვის დაგვჭირდება:

  • წიწიბურას ან უგლუტენო შვრიის ფანტელი – 1 ჭიქა
  • ქოქოსის ზეთი – 2-3 სუფრის კოვზი
  • ტოპინამბურის, ქოქოსის, ფინიკის, ნეკერჩხლის ან აგავის სიროფი – 2-3 სუფრის კოვზი
  • თხილი – ნებისმიერი გემოვნებით
  • სულ ცოტა ქიშმიში ან სხვა ჩირი
  • დარიჩინი, ჯავზის კაკალი გემოვნებით

გააცხელეთ ტაფა. დაამატეთ ზეთი და სიროდი და როდესაც მასა ადუღდება დაუმატეთ ფანტელი. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში სანამ სიროფი და ზეთი თანაბრად გადანაწილდებიან. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, მოურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში. მზადაა! გააცივეთ და გემრიელად მიირთვით. ასეთი გრანოლა ინახება ოთახის ტემპერატურაზე კარგად დახურულ კონტეინერში.

ხრაშუნა

ამ რეცეპტისთვის დაგვჭირდება:

  • შვრია – 300 გ
  • დაჭრილი თხილი და თესლები – 180 გ (ნებისმიერი, რაც გიყვართ და გაქვთ სახლში)
  • ვაშლის წვენი – 125 მლ
  • თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი – 125 მლ
  • ქოქოსის ზეთი – 60 მლ
  • ჩირი (ნებისმიერი გემოვნებით) – 180 გრ
  • დარიჩინი – 1 სუფრის კოვზი (ან ნაკლები თუ არ გიყვართ)
  • მარილი

შეურიეთ ერთმანეთს შვრია, თხილი და თესლები. პატარა ქვაბში დაამატეთ თაფლი, წვენი, ზეთი, მარილი, დარიჩინი. დადგით ცეცხლზე და დრო და დრო აურიეთ სანამ მასა ეთგვაროვანი არ გახდება (ადუღება არ უნდა).

დაასხით ცხელი მასა მშრალ ინგრედიენტებს და ძალიან კარგად აურიეთ. არ იზარმაცოთ.

გადაანაწილეთ საცხობ ფორმაში და შედგით გაცხელებულ 160 გრადუსზე ღუმელში 40-50 წუთით. ყოველ 10 წუთში გამოიღეთ გრანოლა და კარგად აურიეთ. ეს არის საჭირო იმისთვის რომ თანაბრად გამოიცხოს.

სანამ გრანოლა ცხვება დაჭერით ჩირები. როდესაც გამოიღებთ გრანოლას, დააცადეთ, ის უნდა მთლიანად გაცივდეს. მხოლოდ მაშინ გახდება ხრაშუნა. ამის შემდეგ დაუმატეთ ჩირები და კარგად აურიეთ. მზადაა! შეინახეთ კარგად დახურულ კონტეინერში.

მიირთვით საუზმეზე მცენარეულ რძესთან, იოგურტთან, ხილთან ერთად.